საქართველოს პარლამენტმა 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამოქმედო პროგრამას.
კენჭისყრამდე ვანო მერაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და აღნიშნა, რომ ის თამამი დაპირებები, რომლებიც დღეს მთავრობამ გასცა, იმ მიღწევებს და წარმატეტებს ეყრდნობა, რასაც გილაურის დროს მთავრობამ მიაღწია.
კენჭისყრის შემდეგ, მერაბიშვილმა ჟურნალიტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახალი სამოქმედო პროგრამის აღსრულებას ამ წუთიდან იწყებს.
„ვაპირებ თითოეულ რეგიონში, ქალაქსა და სოფელში მოსახლეობას ეს პროგრამა გავაცნო, რომელიც ითვალისწინებს უმუშევრობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას. ვაპირებ, პრესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას და მათი მეშვეობით მოსახლეობას გეგმებს გავაცნობ“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებით, შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტზე დიმიტრი შაშკინმა შეცვალა. თავის მხრივ, შაშკინის ნაცვლად, განათლების მინისტრის თანამდებობა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ დაიკავა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად დალი ხომერიკი დაინიშნა. ამასთან, შეიქმნა დასაქმების სახელმწიფო სამინისტრო, რომელსაც ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს.

















