კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი წევრი პოლიტიკური სუბიექტები მათზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ განაცხადა, პოლიტიკურ სუბიექტებზე დაკისრებული ჯარიმა უკანონოა და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.
მისი თქმით, დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და სასამართლომ სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის, რაც კონტროლის პალატის ოქმში ეწერა, რომლის მიხედვით, „მენეჯმენტს სერვისი“ პარტიას მოემსახურა მაშინ, როცა ის არ არსებობდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 7 მაისს დარეგისტრირდა, მანამდე მას არ შეეძლო მიეღო რაიმე სახის მომსახურება „მენეჯმენტ სერვისისგან“ - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ დაგეგმილია სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრება.
მისი თქმით, კოალიციის წევრ პარტიებს არ აქვთ დაკისრებული ჯარიმის გადახდის რესურსი.
„არ ვაპირებთ ჯარიმის გადახდას, რადგან არცერთ პარტიას არ გააჩნია ეს თანხა და ბევრად მცირეა ის, რაც ჩვენ ანგარიშზე გვაქვს. ვერც ვიხდით და არც ვიხდით. თუმცა, არ ვაპირებთ ჩაგრულის იმიჯის მორგებას. ეს ჩვენი სტილი არ არის. რაც უნდა სანქციები დაგვაკისროს კონტროლის პალატამ, ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“ - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კოალიცია ვალდებულია ჯარიმების მიუხედავად, საქმიანობა გააგრძელოს და ხალხის დაკვეთა შეასრულოს.

















