მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით
ზალკალიანი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
სააგრეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაზე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ქართულ მხარეს წარუდგენენ ინფორმაციას 2015-2017 წლებში საქართველოში განხორციელებული ერთობლივი პროგრამის შედეგების შესახებ. დავით ზალკალიანი სიტყვით მიმართავს ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში განხორციელდა რვა პროექტი, რომელთა ბიუჯეტმაც 3,7 მილიონ ევრომდე შეადგინა. პროექტები შეეხებოდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელშეწყობას; ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესებას; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ხელშეწყობას; ინტერნეტ თავისუფლების დაცვას; არჩევნებში მხარდაჭერას.
გარდა აღნიშნული პროექტებისა, საქართველო ასევე ჩაერთო 14 რეგიონულ ინიციატივაში.
ღონისძიება გაიმართება დღეს, 3 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისში.

















