ყირგიზეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი
გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბე კატამბაევს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგელების გადაცემის შემდეგ, პრეზიდენტმა ატამბაევმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა ყირგიზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე. პრეზიდენტმა მოკლედ მიმოიხილა ყირგიზეთის რესპუბლიკის ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომელთა წარმომადგენელი ელჩებიც იმყოფებოდნენ ცერემონიალზე. ყირგიზეთის პრეზიდენტმა შეაფასა 2016 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობა. პრეზიდენტმა ატამბაევმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთსა და საქართველოს გააჩნია სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული კუთხით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, მან ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების აუცილებლობას.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერლან აბდილდაევმა საზეიმო სადილი გამართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ელჩმა ზურაბ აბაშიძემ და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნისა და საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

















