საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთელს პოსტ
საბჭოთა სივრცეში ოლიგარქების ხელისუფლება უნდა დასრულდეს და ეს ტალღა სწორედ უკრაინიდან დაიწყება.
აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა მოლდოვური მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მისი და მხარდამჭერების მიზანი არა სახელმწიფო გადატრიალება, არამედ აზროვნების გადატრიალებაა.
„ჩემთვის კარგადაა ცნობილი, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დამაკავონ, მაგრამ მე სიმართლისთვის ვიბრძვი. ვგრძნობ ჩემს გარშემო მყოფი ადამინების მხარდაჭერას. პოროშენკო ივანიშვილს დაუმეგობრდა და ამას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ მე მათი საერთო მტერი ვარ. ჩვენ უნდა დავასრულოთ ოლიგარქების ხელისუფლება მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში და ვფიქრობ, ეს ტალღა სწორედ უკრაინიდან დაიწყება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რა მოხდება უკრაინაში. მოლდოვისთვის და ბელორუსისთვის გადამწყვეტია როგორ განვითარდება აქ მოვლენები.
ჩვენი მიზანი არაა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ჩვენ ვიბრძვით აზროვნების გადატრიალებისთვის, რომელიც დაასრულებს უიმედობას და გარდაუვალი მარცხის განცდას. საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა იქ ოლიგარქი ზის, აღარაა ის ქვეყანა, რომელიც 15 წლის წინ იყო. ვითარებას იქ რუსეთის აგრესიის ფაქტორიც ამძიმებს. ვფიქრობ, დღეს უკრაინა მზადაა აზროვნების გადატრიალებისთვის,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















