მთავრობის კანცელარიას ნაცვლად კანცელარიის უფროსისა, პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ ცვლილებები დარეგისტრირდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მთავრობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. შესაბამისად, ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტის კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
„იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო პლენარული სხდომა იქნება“ - განაცხადა ბაქრაძემ და კომიტეტებს კანონპროექტის დღეს განხილვისკენ მოუწოდა, რათა ხვალინდელ სესიაზე მას კენჭი უყარონ.
კანონპროექტის თანახმად, იცვლება მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესიც, ის კანონის ნაცვლად, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის შეფასებით, კანონში ცვლილებების მიზანია, ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც მთავრობას სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მისცემს.
„ეს ცვლილებები ტექნიკურ და ამავდროულად, შენაარსობრივ საკითხებს უკავშირდება, რომლის შედეგადაც მთავრობის ფუნქციონირებისთვის სტრუქტურა სწრაფი და მოქნილი გახდება“ – აღნიშნა ხუროშვილმა.

















