კამპანიის - "ეს შენ გეხება" ორგანიზატორი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტს საერთაშორისო
ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ.
ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, მათ მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას და ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
ამასთან, კამპანიის ორგანიზატორები 2 მარტს დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრას გამართავენ, სადაც აღნიშნულ ცვლილებებს განიხილავენ. მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კამპანია - "ეს შენ გეხება" საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა 13 თებერვალს წამოიწყეს. მისი მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს.

















