გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის საქართველოში ნილს სკოტის
განცხადებით, საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გაერო-ს საქმიანობაში.
ამასთან მან გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
„1992 წელს, საქართველო გაერო-ს წევრი შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე გახდა. მას შემდეგ მან გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეტიც, ის გაეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ძვირფასი წევრი გახდა. საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გაეროს საქმიანობაში - უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. საერთაშორისო ჩართულობის ეს ტენდენცია ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და ხალხის დიდ სურვილს, მხარი დაუჭიროს გაეროს საქმიანობას უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვის, თანაბარი შესაძლებლობისა და გენდერული თანასწორობის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და ყველასათვის სათანადო ცხოვრების პირობების მისაღწევად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერსა და საქართველოს მთავრობას ამ ღირებული თანამშრომლობისათვის, ასევე იმისათვის, რომ ის საშუალებას აძლევს გაეროს, წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებაში“, - აღნიშნა ნილს სკოტმა.

















