პალერმოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის
დავით ზალკალიანის შეხვედრა იტალიის, როგორც ეუთო-ს 2018 წლის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვინჩენცო ამენდოლასთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, იტალიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ეთნიკური წმენდის პოლიტიკაზე, რომელსაც საოკუპაციო ძალა ახორციელებს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ეუთო-ს როლი და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის საჭიროება. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას და მის ფარგლებში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხებზე პროგრესის აუცილებლობას.

















