„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
გადაწყვეტილებას არ მიიღოს მეორე ტურებში მონაწილეობა, შეცდომას უწოდებს.
როგორც ბოკერია აცხადებს, ოპოზიციური სპექტრი ერთიან კანდიდატს მხარს დაუჭერდა.
„უმძიმესი საარჩევნო კამპანია იყო, უმძიმესი დარღვევებით. თბილისში თუ ყველანი ვცდილობდით, მეორე ტური შეგვენარჩუნებინა და მხარი დაგვეჭირა ერთიანი კანდიდატისთვის, გინდ ზალიკო უდუმაშვილისთვის, გინდ ელენე ხოშტარიასთვის და გინდ ალეკო ელისაშვილისთვის, რა შეიცვალა ამის მერე? ქუთაისი განსხვავებულია? ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, მაგრამ მეორე ტურები მარტო მათ არ მოუპოვებიათ- მთელმა ოპოზიციამ მოიპოვა. ამიტომ, სრული პოლიტიკური უფლება გვაქვს ეს გადაწყვეტილება შევაფასოთ, როგორც შეცდომა და ირიბი ხელშეწყობა ივანიშვილის გუნდისთვის, რომ დაინერგოს არჩევნების მიმართ უიმედობა“-განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც პარტიაში განმარტავენ, არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა.

















