ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას
მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი განცხადებით, სულ რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის დუშეთის მე-13 უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები, მარტვილის 34-ე უბანზე მარკირების შემოწმების ფარანი არ აღმოჩნდა.
„დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები. დანარჩენი ორი სახის ბიულეტენი მერისა და პროპორციული არჩევნებისთვის იყო უბანში. საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული სახის ბიულეტენები უკვე მიეწოდა. ამასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი და საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს. მარტვილის 34-ე უბანზე არ აღმოჩდა მარკირების შემოწმების ფარანი და ის დაუყოვნებლივ მიეწოდა კომისიას; ბოლნისის მე-20 საარჩევნო უბანზე „პრესს მედიის“ წარმომადგენელის მიმართ შედგა გაძევების ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის არაერთხელ ხელის შეშლის გამო“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

















