სტრასბურგში, ევპარლამენტის ხვალისთვის დაგეგმილ სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
კოალიციის ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში გასულ კვირას, ევროპის ლიბერალური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მოთხოვნით შეიტანეს.
სხდომის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერები დავით უსუფაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და თინა ხიდაშელი სტრასბურგში შეხვედრებს მართავენ. უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილ პრობლემებს შეეხება.
მისივე თქმით, ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხი დღის წესრიგში ეგვიპტისა და სირიის გვერდით ჩასვა, რაც მის მიმართ დიდ ინტერესზე მიუთითებს.
„როდესაც ევროპარლამენტი საქართველოს თემატიკას ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მის მიმართ ყურადღება ძალიან დიდია და მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ჩვენ ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლით ვიგრძნობთ“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

















