პარტიაში „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“ მიაჩნათ, რომ „ქართუ ბანკის“ აქციების აუქციონზე გატანა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს.
როგორც პარტიის საერთაშორისო მდივანმა თეიმურაზ მურვანიძემ განაცხადა, სახელმწიფომ ვერცერთი დოკუმენტი ვერ წარადგინა, რითაც ბანკის აქციონერთა შორის, ბიძინა ივანიშვილის წილს დაადასტურებდა. ამის მიუხედავად, კი აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი ხელისუფლების მიერ მის მთავარ კონკურენტთან - ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლას შეეწირა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების ქმედება პოლიტიკური ნიშნით დასჯაა, რაც მის რეალურ სახეს აჩვენებს.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ფართოდ გაპიარებულმა, სახელმწიფოს დემოკრატიულმა სტრუქტურებმა და მთლიანად სახელმწიფო სისტემამ სრული კრახი განიცადეს, რადგან მმართველი გუნდის მიერ „აშენებული“ არცერთი სტრუქტურა დემოკრატიის სტანდარტებს არ შეესაბამისება.
მურვანიძის განმარტებით, აღნიშნული სტრუქტურები მიმართულია მხოლოდ ტოტალიტარული სახელმწიფო სისტემის განმტკიცებისა და მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების დაცვისკენ, რაც თავისთავად საქართველოს, როგორც ვერ შემდგარი დემოკრატიის ქვეყანას ისე ახასიათებს.
„ჩვენ ბევრჯერ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას ხმა აემაღლებინა ამ უსამართლობების წინააღმდეგ. გვესმის, რომ ხელისუფლებაზე მათი ზემოქმედების ბერკეტებიც შეზღუდულია, თუმცა, ისინი არსებულ ბერკეტებსაც არ იყენებენ სრული დატვირთვით, ამიტომ მივმართავთ საქართველოს საზოგადოებასა და საბანკო ბიზნესწრეებს, სოლიდარობა გამოუცხადონ „ქართუ ბანკს“, რადგან ეს ქმედებები მათ წინააღმდეგაც იქნება გამოყენებული ახლო მომავალში“ - განაცხადა მურვანიძემ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. აღნიშნული აქციები სააღსრულებომ აუქციონზე გუშინ გაიტანა. ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს.

















