საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოში მედია-მონიტორინგმა
ძალიან კარგი შედეგები აჩვენა.
მისივე თქმით, პროგრესის მიუხედავად, ხარვეზებს, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არსებობს, ყურადღება უნდა მიექცეს.
ამის შესახებ ჰერმანიმ წინასაარჩევნო გარემოსა და მედია-მონიტორინგთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„მედია მონიტორინგი საქართველოში უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა. ძალიან გვეამაყება, რომ ამას გაერო-ს განვითარების ფონდთან ერთად უკვე ბევრი წელია ვაკეთებთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წინასაარჩევნო გარემოსთვის. მონიტორინგმა ძალიან დადებითი ტენდენციები და კარგი შედეგები აჩვენა. რა თქმა უნდა, ხარვეზები გამოვლინდა და პრობლემები არსებობს იმ საკითხებში, რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს და მედიის თავისუფლებას. პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პრობლემებს ყურადღება უნდა მივაქციოთ“- განაცხადა ჰერმანიმ.

















