სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან ევროპარლამენტარის, საქართველოს საკითხზე მომხსენებლის ანდრეს
მამიკინსის განცხადებით, ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას.
ამის შესახებ მამიკინსიმ ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა.
ანდრეს მამიკინსმა საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები დადებითად შეაფასა, რაც საქართველოს ხელისუფლები სწარმომადგენელთა მაღალი დონის ვიზიტებსა და ევროპელ ლიდერებთან ინტენსიურ კონტაქტში გამოიხატება და მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის. ამ მხრივ მამიკინსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და შეხვედრა გერმანიის ფ ედერალურ კანცლერთან, გერმანიაში ჩატარებული არჩევნებიდან მოკლე პერიოდში, "ყველა ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ თქვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში და ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით“- განაცხადა მამიკინსმა.
ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით ევროპული ინტეგრაცია დადებით როლს შეასრულებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში.
„მე და ჩემმა კოლეგამ ქლეარ მუდმა არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა და მკაფიო გზავნილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ანუ ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სივრცეში დაბრუნდება“ - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
მისი აზრით, რეინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე დადებით გავლენას მოახდენს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რომელიც ხელმისაწვდომია ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობისათვის.

















