Human rights watch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეთა შეკრების თავისუფლებაში ძალის გამოყენებით ერევა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გასული წლის 26 მაისს, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მას შემდეგ, რაც აქციის ნებართვის ვადის ამოწურვიდან 15 წუთი გავიდა.
ანგარიშის თანახმად, პოლიციამ დაახლოებით 160 გაქცეული დემონსტრანტი დააკავა. დაფიქსირდა ცემის ფაქტები, მათ შორის, იმ პირების მიმართ, ვისაც პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
„პოლიცია ასევე, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მუშაობის პროცესშიც ჩაერია. სიტყვიერი და ფიზიკური შეურცხყოფის სულ ცოტა ათი ფაქტი მაინც დაფიქსირდა. პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს სამსახურეობრივი ბარათები ჩამოართვეს და რამდენიმე მათგანს აპარატურა დაუზიანეს“- აღნიშნულია განცხადებაში.
ანგარიშის თანახმად, შემაჯამებელ სასამართლო პროცესზე 26 მაისის აქციის 90 მონაწილე პოლიციის ბრძანებების შეუსრულებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დამნაშავედ იქნა ცნობილი და მათ ადმინისტრაციული წესით 30 დღით პატიმრობა შეეფარდათ.
„უმეტეს შემთხვევაში, აქციის მონაწილეების გასასამართლებლად, სასამართლო მხოლოდ პოლიციის ჩვენებებს დაეყრდნო და მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებული დაზიანებები არ გაითვალისწინა“ - ნათქვამია ანგარიშში.
ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის ივლისში, 26 მაისს განვითარებული მოვლენების დროს 16 პოლიციელის მიერ ძალის გადამატების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ასევე, არ გამოიძიეს მათი მხრიდან მომიტინგეების მიმართ ცუდად მოპყრობის ფაქტებიც.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ არ გამოიძია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიც, როდესაც მომიტინგეების მიმართ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა. ასევე, არ იქნა გამოძიებული 2009 წლის 15 ივნისს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ოპოზიციის 50 მხარდამჭერის პოლიციასთან შეტაკების დროს, სულ მცირე 17 დემონსტრანტის დაშავების ფაქტი.

















