კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნით, ხელისუფლება არჩევნების წინ პოლიციის უფრო აქტიურად გამოყენებას გეგმავს.
როგორც ძიძიგურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“ და სამთავრობო ცვლილებებით მინიტრთა კაბინეტში არსებითად არაფერი შეიცვლება.
„რასაც ეს მინისტრები 8 წლის განმავლობაში აკეთებდნენ, იმასვე გააგრძელებენ. უბრალოდ, ბაჩო ახალაიას პოლიციის მინისტრად დანიშვნა ნიშნავს, რომ სააკაშვილს სურს პოლიცია უფრო აქტიურად და აგრესიულად გამოიყენოს არჩევნების წინ. ახალაია ცნობილია თავისი სისასტიკით, როცა პატიმრების ხელმძღვანელი იყო და თავისი არკომპეტენტურობითა და ექსცენტრიული ქმედებებით თავდაცვის მინისტრობის დროს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ძიძიგურმა.
მისივე თქმით, უცნაურია განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაადგილებები სხვადასხვა უწყებაში, თუმცა, ძიძიგურს მიაჩნია, რომ შაშკინი თავდაცვის მინისტრობას 3 თვეში დაასრულებს.
„ციხეების მინისტრი, განათლების მინისტრი და შემდეგ თავდაცვის მინისტრი - ძალიან უცნაურად დადის ის კარიერულ კიბეზე და სხვადასხვა მიმართულებებით დაატარებს მას მიხეილ სააკაშვილი. თავბრუ რომ არ დაეხვას, 3 თვის შემდეგ მორჩება მისი წვალებაც და დაუბრუნდება იმ საქმეს, რომელიც მან უფრო კარგად იცის, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელობაა“- აღნიშნა ძიძიგურმა.
სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაინიშნა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად აფხაზეთის მთავრობის განათლების მინისტრი დალი ხომერიკი.

















