ახალადდანიშნული პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, მას მადლობას უხდიან, რომ დღეს ქუჩებში ჯიბგირები და ნარკომანები აღარ არიან.
როგორც მერაბიშვილმა დღეს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, იგი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატთან ზურაბ ჭიაბერაშვილთნ ერთად, დღეს ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში იმყოფებოდა, სადაც აღმოაჩინა, რომ ის სიკეთეები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, მათზე ასახული არ არის.
„დღეს ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში ვიმყოფებოდი, რომელიც მდებარეობს შს სამინისტროს ძალიან ლამაზი შენობის გვერდით, სადაც დაგებულია მაღალი ხარისხის გზა, გაკეთებულია სახურავები და ფასადები, თუმცა, ამ ოჯახზე ეს სიკეთეები ასახული არ არის. აღნიშნულ ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი სარგებლობს სადაზღვევო პოლისით, მიუხედავად იმისა, რომ მრავალსულიანია“ - განაცხადა ახალმა პრემიერმა.
მისივე თქმით, წამოსვლის დროს, როდესაც გადამღები ჯგუფები სახლიდან უკვე გამოსული იყვნენ, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ქუჩაში ნორმალური ვითრებაა.
„ოჯახის ერთ-ერთმა უფროსმა წევრმა მითხრა, რომ ამ უბანში ძველი ბიჭები ძალიან ცუდად იქცეოდნენ და პოლიციის დახმარებით, ახლა ეს პრობლემა აღმოიფხვრა. მან მადლობა გადამიხადა, რომ ქუჩაში აღარ არიან ხულიგნები და ნარკომანები და ის ნორმალური მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გახდა“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
ამ დროისთვის იგი პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს მთავრობის პროგრამას - „მეტი სარგებელი ხალხს“ აცნობს. დღესვე, მერაბიშვილი ფრაქციების წარმომადგლებს შეხვდება.

















