საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, რამდენიმე პირის
დაკავება, რომელიც გუშინ საკრებულოს შენობის წინ მოხდა, სრულიად კანონიერია.
ამის შესახებ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ადმინისტრაციული პროცესის ღიაობა არ ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი უნდა მივიდეს ერთგან, მითუმეტეს, როდესაც მათი მიზანია დებოშის მოწყობა და პროცესის ჩაშლა. ზოგადად, საკრებულოს სხდომა იყო ღია.
განსაკუთრებით ცინიკური რაცა არის, ესაა პოლიტიკოსების განცხადება იმაზე, რომ როდის ყოფილა, რომ როდესმე ასეთი პოლიტიკური პროცესის დროს დაკავება ყოფილიყოს. დაკავება რაც მოხდა გუშინ, ეს იყო კანონის ფარგლებში. თუმცა ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წელს და მანამდეც, როდესაც ჯარიც კი გამოიყვანეს მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დედაქალაქის საკრებულოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი. საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხს განიხილავდნენ, რაც საბოლოოდ დაამტკიცეს კიდეც.

















