ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველ დღეს, ევროკავშირის, გაეროსა
და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდის გაგრძელება. ამ კონტექსტში საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს სოფელ ერედვში განვითარებული მოვლენები, როცა რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მასიურად დაანგრიეს დევნილი ქართველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო ასევე გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა, როცა მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებენ უცხოელებად დარეგისტრირებას და უხეშად ლახავენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, საკუთრებაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე, განათლების მშობლიურ ენაზე მიღებასა და ჯანდაცვაზე. აღინიშნა, რომ ზემოხსენებულმა უკანონო ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს დარჩენილი ქართველების გამოდევნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების წვდომის აუცილებლობაზე.
უწყების ცნობითვე, ამასთან, დეტალურად იქნა განხილული 11 ოქტომბერს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

















