საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის
მოადგილეს, ჯორჯ ოკოთ-ობოსა და ლტოლვილთა კომისარიატის ევროპის ბიუროს დირექტორის მოადგილეს, ანგელა ლი როსის, შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული მდგომარეობა განიხილეს. აქცენტი გაკეთდა სოფელ ერედვში დევნილი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასობრივად დანგრევაზე, რაც ეთნიკური წმენდის გაგრძელებას წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მიმართ დისკრიმინაციის გაძლიერებასა და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. განხილულ იქნა ასევე ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, გალის ნეგატიური გამოცდილების კვალდაკვალ.
უწყების ცნობითვე, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრება და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, რასაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების წვდომის აუცილებლობა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობასა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობას.
დავით დონდუამ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

















