ევროპარლამენტის წევრის ლაიმა ლუსია ანდრიკიენეს განცხადებით, აღმოსავლეთ
პარტნიორობის წევრების დიფერენცირება უნდა მოხდეს, რადგან ყველას დასაკმაყოფილებლად საკმარისი რესურსი არ არსებობს.
მისივე თქმით, აქცენტები ახლა საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე უნდა გაკეთდეს.
ამასთან, ევროპარლამენტის წევრი აღნიშნავს, რომ შენგენის ზონაში შესასვლელად გარკვეული დავალებები უნდა შეასრულოს საქართველომ.
“აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუსი გულისხმობს ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, პირველ რიგში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინტეგრაციას შენგენის ზონაში. ასევე გაწევრიანებას საბაჟო კავშირში. ამ ქვეყნებს გაფორმებული აქვთ ასოცირების ხელშეკრულება და ეს მათთვის ახალი სტატუსია. ლიტვის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით ევროინტეგრაციის გზაზე. ეს გარკვეულ დროს საჭიროებს. საბაჟო კავშირში ან შენგენის ზონაში ინტეგრირებაზე საუბრისას არ უნდა ელოდოთ, რომ ეს მოხდება ორ ან თუნდაც ხუთ წელიწადში. საშინაო დავალება უნდა შესრულდეს. სამართლებრივი სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას, სტანდარტები კი აკმაყოფილებდეს ორგანიზაციის მოთხოვნებს. ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების დიფერენცირება. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რესურსი ყველასთვის. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ლიდერები და ორიენტირება ახლა მათზე უნდა გავაკეთოთ პრინციპით- მეტი მეტისთვის“-განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა „კურიერთან“ საუბრისას.
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ემზადებიან. შეხვედრა ნოემბერში გაიმართება. დღეს კი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში რეკომენდაციების პროექტს განიხილავენ, რომელიც დეპუტატებმა სამიტისთვის მოამზადეს. პარლამენტარები რეკომენდაციას აძლევენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

















