ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენა და დასაქმების, სოფლის მეურნეობისა და სოციალური სფეროს პრიორიტეტებად გამოცხადება ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების აღიარებაა.
ამის შესახებ დღეს „ეროვნული-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ედპ ხელისუფლების ინიციატივას დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნაზე, მმართველი პარტიის მხრიდან დათმობად განიხილავს.
„მიმაჩნია, რომ მთავრობამ უმოკლეს დროში უნდა მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „დასაქმების შესახებ“, რომლის თანახმადაც ჩამოყალიბდება დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს უმუშევრების დაზღვევას, უმუშევრის სტატუსის განსაზღვრას და მათთვის ახალი სამუშაო ადგილების მოძიებას“ - განაცხადა ჩახვაძემ.
მისი განმარტებით, მთავრობამ „დასაქმების სახელმწიფო პროგრამა“, ბიუჯეტის პროექტში უნდა ასახოს, რადგან აღნიშნული ინიციატივა არ იყოს მხოლოდ დეკლარაცია და წინასაარჩევნო პიარის ნაწილი.

















