საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს
თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს, მათ შორის, ეთნიკური წმენდის პრაქტიკის გაგრძელების მიმართულებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ერედვში დევნილი ქართველი მოსახლეობის სახლების მასობრივად განადგურების გამო. განხილულ იქნა გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საკითხი. საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებსა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 81-ე შეხვედრის შედეგები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა დაშესრულების ისევე, როგორც ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მიზნით საგნობრივი მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის შინაარსიანი განხილვის აუცილებლობა.
დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პროცესსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის.

















