ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური
მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ურუგვაის პრეზიდენტს ტაბარე ვასკესს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ზურაბ პოლოლიკაშვილმა ურუგვაის პრეზიდენტს გააცნო საკუთარი ხედვები გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში მუშაობის მიმართულებით და ამ კუთხით ურუგვაისთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
თავის მხრივ ტაბარე ვასკესმა საქართველოს ელჩს ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში ზურაბ პოლოლიკაშვილმა ურუგვაის ტურიზმის მინისტრთან ლილიამ კეჩიჩიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან რუდოლფო ნინ ნოვოასთან შეხვედრები გამართა.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი 14 სექტემბერს გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.

















