საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტისა და მმართველი
გუნდის შეხვედრას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, არ დაესწრება.
პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მიემგზავრება. როგორც მან წასვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ პრეზიდენტი ყველაფერს გაიზიარებს, მას შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
„მოლაპარაკება, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმებით. აქ საუბარია ბონუსის გაუქმებაზე და საუბარია ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თუ ამას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი პროცედურებით, ჩვენი ინიციატივებით მაინც დავამტკიცებთ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

















