პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს განიხილავს.
ცვლილება მთავრობაში ახალი, დასაქმების სახელმწიფო სამინისტროს ჩამოყალიბებას უკავშირდება. თუმცა, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რა ოდენობის თანხით დაფინანსდება ახალი უწყება.
დღესვე, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებს გააცნობს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, მთავრობაში ახალი კაბინეტის შექმნა ბიუჯეტის ეკონომიკურ პარამეტრებზე გავლენას არ მოახდენს.
„მთავრობაში ახალი კაბინეტი შეიქმნა და ბუნებრივია მას აპარატი და ფუნქციონირება სჭირდება, ამიტომ, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შედის და არანაირი ცვლილება არ შეეხება ეკონომიკურ პარამეტრებს და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
დასაქმების სახელმწიფო სამინისტროს შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, დღეს კი - დასაქმების სახელმწიფოს მინისტრის პოსტზე ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე წარადგინა.

















