ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინის პრეზიდენტს შეხვდა
14:39 29.09.2017
ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური
მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინის პრეზიდენტს მაურისიო მარკის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არგენტინის პრეზიდენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველოს ელჩმა მაურისიო მარკის ორგანიზაციაში მუშაობის პრიორიტეტები გააცნო და ამ მიმართულებით არგენტინასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ესპანეთის სამეფოში შეხვედრები არგენტინის ტურიზმის მინისტრთან და ბუენოს-აირესის ტურიზმის ხელმძღვანელთანაც გამართა.
უწყების ცნობით, ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინაში ვიზიტის შემდეგ ურუგვაის ესტუმრება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები ურუგვაის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრებთანაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი არგენტინას მენდოსაში ღვინის გლობალური ტურიზმის კონფერენციის ფარგლებში სტუმრობს. საქართველოს ელჩი დღეს კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.