საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტით
მყოფ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან ვიგენინთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსასახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებსა და ხელშესახებ მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს.
შეხვედრაზე ყურადღება ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების, კერძოდ, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე გამახვილდა. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ამ ფორმატში მოლაპარაკებათა მთავარ თემებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარებაზე და მთავრობის მიერ შერიგების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. მხარებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემატიკაზე.
შეხვედრის ბოლოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

















