მიმდინარე წლის 19, 20 და 21 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა. სხდომები,
ყველა - 3,634 უბანზე ჩატარდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კომისიების თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი აირჩიეს.
ცესკოს ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები წარიმართა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. 13 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები 58 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ 950-მდე უბანში (საარჩევნო უბნების 26%) აკვირდებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომების მიმდინარეობას. სხდომებს ასევე ესწრებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ხოლო რამდენიმე საარჩევნო უბანში სხდომის პროცესი გააშუქეს მედიასაშუალებებმაც.
უფლებამოსილი პირების მიერ არცერთი გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შესახებ არ გასაჩივრებულა. გასაჩივრდა მხოლოდ ერთი სხდომის ოქმი (ოქმის შევსების წესისა და შინაარსის დარღვევის გამო), შედეგად, შენიშვნა გამოეცხადათ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის (კრწანისის #19 საუბნო საარჩევნო კომისია) თავმჯდომარესა და მდივანს.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 13 წევრიანი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ უფლებამოსილი პარტიები. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობიდან ხელმძღვანელ პირებად არჩევის უფლებრივი შესაძლებლობა და პირობები თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ წევრზე, გარდა იმ შემთხვევისა, რომ კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. თავმჯდომარის/მოადგილის/მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს და გადაწყვეტილება მიიღება სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის წესით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან, კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს 3,410 პირი (94%), მოადგილედ - 3,123 (86%), ხოლო მდივნის პოზიციაზე - 3,235 (89 %).

















