დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ედინბურგს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა . ვიზიტის მთავარ მიზანს შოტლანდიის ხელისუფლებასთან, ბიზნეს და კულტურულ წრეებთან ურთიერთობების დამყარება წარმოადგენდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა შოტლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან კენ მაკინტოშთან და თავმჯდომარის მოადგილესთან ლინდა ფაბიანიტთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შოტლანდიის პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მათ შორის საუბარი შეეხო შოტლანდიის პარლამენტში ქართული ღვინის დეგუსტაციის მოწყობის შესაძლებლობას. ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა, დასწრებოდა პირველი მინისტრის ნიკოლა სტარჯენის გამოსვლას პარლამენტში.
ვიზიტს ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა შოტლანდიის საერთაშორისო განვითარებისა და ევროპის მინისტრს, ალისდერ ალანს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შოტლანდიას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
ასევე გაიმართა ელჩის შეხვედრა ედინბურგის სავაჭრო პალატაში, რაც მიზნად ისახავდა საქართველოსა და შოტლანდიის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების დამყარებასა და შოტლანდიური ბიზნეს წრეების საქართველოთი დაინტერესებას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომავალ წელს ედინბურგის სავაჭრო პალატაში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობაზე სემინარის გამართვის საკითხი.
თამარ ბერუჩაშვილი ვიზიტის ფარგლებში ედინბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს საერთაშორისო საკითხებში, პროფესორ ჯეიმს სმიტს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ურთიერთობების დამყარება/გაღრმავების საკითხს, მათ შორის გაცვლითი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობას. საქართველოს ელჩი მიიწვიეს ედინბურგის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ საჯარო ლექციის წასაკითხად. თამარ ბერუჩაშვილი ასევე შეხვდა ედინბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს.
კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ედინბურგის „ფრინჯის“ თეატრალური ფესტივალის საზოგადოებაში(Edinburgh Fringe Festival Society). საუბარი შეეხო ფრინჯის საზოგადოებასთან კავშირების გაღრმავებას. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული თეატრის დადგმები ფესტივალის დამსწრე საზოგადოებასა და კრიტიკოსებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

















