მთავრობაში ახალი კაბინეტის შექმნა ბიუჯეტის ეკონომიკურ პარამეტრებზე გავლენას არ მოახდენს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
„მთავრობაში ახალი კაბინეტი შეიქმნა და ბუნებრივია მას აპარატი და ფუნქციონირება სჭირდება, ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შედის და არანაირი ცვლილება არ შეეხება ეკონომიკურ პარამეტრებს და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, ბაქრაძემ კომიტეტებს და ფრაქციის წარმომადგენლებს მოუწოდა, თუ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს მიმართონ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ლორთქიფანიძის მოთხოვნის მიუხედავად, ახალი უწყებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა არ დასახელებულა.
სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს ხვალ, საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, ასევე 12:00 სააათზე „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებს საბიუჯეტო ცვლილებებს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი გააცნობს.
დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობამ ცვლილებების პროექტი წარადგინა.

















