საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ იმ გამოწვევის ფონზე, რომელთა წინაშე საქართველო
ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების კუთხით დგას, მერაბიშვილის წარდგენა მთავრობის მეთაურად დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო.
„გვაქვს უსაფრთხოების გამოწვევები, როდესაც სხვა ქვეყნის აგრესიული ძალები და ტანკები ჩვენს მიწაზე დგანან. ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ ღირებულებას - საარჩევნო პროცესს ემთხვევა ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო წვრთნები, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ გვაღელვებს. ეს გამოწვევაც არსებობს. ამ ფონზე ვანო მერაბიშვილის წარდგენა არის პოზიტიური და დროული გადაწყვეტილება, მას აქვს ამ და სხვა ეკონომიკური სახის გამოწვევებზე პასუხი, რომელსაც სამოქმედო პროგრამაში წარმოადგენს“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, მერაბიშვილი არის ძალიან კარგი მენეჯერი და პოლიტიკური ფიგურა, რაც მთავრობას სჭირდება და ასევე, მას აქვს ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის კუთხით გამოცდილება.
„ახალი სისხლი, ახალი ენერგია, ახალი შემართება, რომელსაც ვანო მერაბიშვილი შეიტანს განახლებულ მთავრობაში, მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

















