ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაბამისი კანდიდატურის მოძებნის შემთხვევაში, შინაგან
საქმეთა მინისტრად, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია დაინიშნება.
მისი თქმით, მთავრობის ახალი კაბინეტის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ერთი დღით გადადება, შესაძლოა, კანდიდატურებთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებებს და შეუთანხმებლობას უკავშირდებოდეს.
„არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილი გარკვეული უფლების და საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას ითხოვდეს. არამგონია, ის შეეგუოს ისეთ მდგომარეობას, როგორშიც ნიკა გილაური იყო. მერაბიშვილი ამას არ დასჯერდება“ - აცხადებს არეშიძე.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, არეშიძეს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა მოხერხდა, მაშინ ამ თანამდებობას ბაჩო ახალია დაიკავებს.
„ვიცი, მერაბიშვილსა და ახალიას შორის მაინცდამაინც წელში გამართული ურთიერთობა არ არის, მაგარამ ეს ის შემთხვევაა, როცა არამგონია, მერაბიშვილი წყვეტდეს - ვინ უნდა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და ამას სააკაშვილი ხელიდან არ გაუშვებს“ - განაცხადა არეშიძემ.
ამასთან, იგი ნაკლებსავარაუდოდ, მიიჩნევს შს მინისტრად, მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის ეკა ზღულაძის დანიშვნას, რადგან იგი უფრო სხვა ტიპის ფიგურად მიაჩნია.
„რაც შეეხება შაშკინს, შესაძლებელია მისი დანიშვნაც. მას გავლილი აქვს რეჟიმული მუშაობის სკოლა სასჯელაღსრულების სამინისტროში, საიდანაც ზოგიერთი ნიუანსი განათლების სისტემაშიც გადაიტანა“ - განაცხადა ექსპერტმა.
ამასთან, არეშიძე შს მინისტრის თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დანიშვნასაც გამორიცხავს, რადგან მიაჩნია, რომ მას მნიშვნელოვანი სტრუქტურა აქვს ჩაბარებული, „რომელიც დღევანდელი რეჟიმისთვის ძალიან საჭიროა“.
ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო გეგმა პარლამენტისთვის დღეს უნდა წარედგინა, მაგრამ ეს პროცესი ხვალისთვის გადაიდო. ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კი, პრეზიდენტმა 30 ივნისს პრემიერად წარადგინა.

















