ყოფილმა პატიმრებმა - ირაკლი ბერაიამ და ზაზა სვანაძემ საპატიმროში მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამების
თაობაზე განცხადება გააკეთეს.
ბრიფინგი მათ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურ მდივანთან თენგიზ ომანაძესთან ერთად გამართეს.
ყოფილი პატიმრების თქმით, საპატიმროებში მათ მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას, ღირსების შემლახავ ფაქტებს და ფიზიკურ ზეწოლას.
29 მაისს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზაზა სვანაძის განცხადებით, მას ახალციხეში ციხის ზედამხედველი შალვა ხაშმაიძე გაუპატიურებით ემუქრებოდა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო-მასალა, სადაც ის შს ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილზე მათთვის არასახარბიელო კონტექსტში საუბრობდა, მასთან მივიდა ბადრაგი, მიუტანა ნინო ბურჯანაძის, ბიძინა ივანიშვილისა და კახა კუკავას ფოტოები და მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ, სვანაძის განცხადებით, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა დაიწყო.
ყვარლის იზოლატორში პატიმართა მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერმა ირაკლი ბერაიამაც და აღნიშნა, რომ მის მიმართ ბადრაგის არაადამიანური მოპყობა ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა.
ომანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან პატიმრობაში მყოფ პირთა წამება სისხლის სამართლის დანაშაულია.
„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტებზე. ასევე, პარტია, სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობას მოითხოვს.

















