სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.
აღნიშნულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იეღიშე სარგისიანმა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ გამოსვლაში ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დასტურია ერთი თვის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი დახმარება.
უწყების ინფორმაციითვე, რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სომხეთის მთავრობას გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.
,,ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს და ინტენსიურად ვითარდება. ამის დასტურია სულ რაღაც ერთი თვის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის რესპუბლიკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქართველები განსაკუთრებულ პატივს ვცემთ უნიკალურ სომხურ კულტურას, მის დიდებულ წარსულსა და თანამედროვეობას.
„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლახან ჩვენ ვუმასპინძლეთ სომხეთის ლორეს ოლქის დელეგაციას, გუბერნატორ არტურ ნალბანდიანის ხელმძღვანელობით. მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებას და სამომავლო განვითარებას. ქართველები განსაკუთრებულ პატივს ვცემთ უნიკალურ სომხურ კულტურას, მის დიდებულ წარსულსა და თანამედროვეობას. ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა არა მხოლოდ მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთერთობების მაგალითია, არამედ რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის საწინდარია- აღნიშნა გამოსვლაში ზურაბ პატარაძემ.
სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოს მიერ გამართულ მიღებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

















