საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით
გამოსვლისას ჩრდილოეთ ამერიკაში ქარიშხლით, ხოლო მექსიკაში მიწისძვრით დაზარალებულებს სამძიმარი გამოუცხადა.
პრემიერის თქმით, სტიქიური უბედურებების დროს განსაცდელში მყოფ ქვეყნებს სოლიდარობა აძლიერებს.
„პირველ რიგში, ნება მომეცით, მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო ბოლო დღეებში ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულებს - ქარიშხლებმა უდიდესი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის კუნძულ-ქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონს, ხოლო მიწისძვრამ კატასტროფა გამოიწვია მექსიკაში. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ქვეყნების მთავრობებს და ხალხს. არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ არის დაზღვეული სტიქიისგან. ასეთ დროს კი სოლიდარობა აძლიერებს განსაცდელში მყოფ ქვეყნებს“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია იმართება.

















