საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე
სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სტრატეგიებზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტრატეგიის ცენტრში კვლავ საქართველოს მოქალაქე რჩება. მისივე თქმით, მოქალაქეები კარგად შეიგრძნობენ იმას, რასაც დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტები ასე მკაფიოდ აცხადებენ.
“თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი თანამემამულეებისთვის, საამაყოა, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის პატივი მერგო. გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს მე მომანდეს, მათ პირადად აქვთ განცდილი და შესისხლხორცებული.
ეს გზავნილი, მათი გზავნილი მარტივი და გულწრფელია. ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეა და ამით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას და მშვიდობისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ესენია მდგრადი განვითარების არსებითი ელემენტები, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.
წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ.
ამ მოვალეობის შესრულებას საქართველო იწყებს იმავე ხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ შინ - ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოქალაქეები არიან.
საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ღია მმართველობის პარტნიორობა შეუწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ეს განსაკუთრებით ეხება მე-16 მიზანს, ეს არის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა.
ეროვნულ სტრატეგიებად მათი გარდაქმნის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისას იკვეთება თავად გაეროს ინსტიტუციური რეფორმის აუცილებლობა და გენერალური მდივნის, გუტიერეშის ახალი ხედვის მხარდაჭერის საჭიროება, რომელიც ასახულია ჩვენ მიერ ახლახან ხელმოწერილ დეკლარაციაში.
შარშან ჩემს გამოსვლას თქვენ წინაშე საქართველოში საარჩევნო პერიოდი დაემთხვა და ჩვენმა ხალხმა კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოგვიცხადა, რათა წარვუძღვეთ ქვეყანას.
ჩვენმა ხალხმა დაინახა ორი რამ - ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით დემოკრატიულ უფლებებსა და უსაფრთხოებას როგორც ჩვენი პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას; ისინი დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვთავაზობთ შემდგომი რეფორმების მკაფიო გზას.
ჩვენი მოქალაქეები კარგად შეიგრძნობენ იმას, რასაც დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტები ასე მკაფიოდ აცხადებენ.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით.
Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში.
ჩვენ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას. Heritage Foundation-ის 2017 წლის რეიტინგის თანახმად, კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველო 31-ე ადგილზეა, ანუ მისი პოზიციები 38 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. იმავეს ადასტურებს Transparency International-ის 2016 წლის მონაცემები - საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონში.
ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ კერძო საკუთრების დაცვას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა.
ჩვენ ურყევად ვიცავთ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას. ამ მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა და დღეს ჩვენ 63-ე ადგილზე ვართ მაშინ, როცა სულ ახლახან 91-ე ადგილზე ვიყავით.
რაც შეეხება სამართალდაცვასა და ფიზიკურ უსაფრთხოებას, ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესება 41 ადგილით.
ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია.
საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, ჩვენ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, დავიწყეთ ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება.
ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, რათა ერთმანეთს დავუკავშიროთ განათლების სისტემა და ინდუსტრია, რათა განვავითაროთ მოთხოვნაზე დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული განათლება და გავაუმჯობესოთ ჩვენი სამუშაო ძალის ეკონომიკური უნარები და შესაძლებლობები.
ნოვატორ საზოგადოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმატებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ შემდგომ ინვესტიციებსა და შრომას ჩვენი ეროვნული ეკოსისტემის სასიკეთოდ, რათა მოხდეს მისი ინტეგრაცია გლობალურ ეკოსისტემაში და ჩვენს ნოვატორებს გაეხსნათ მსოფლიო ბაზრებისკენ მიმავალი გზები“-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენმა წინდახედულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს წარმატებას ჩვენი რეგიონის ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პოზიცია 97 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. ამ თვეში Moody’s მონაცემებით, საქართველოს სუვერენული კრედიტის რეიტინგი გაუმჯობესდა და გადაინაცვლა Ba2 კატეგორიაში, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყანამ წარმატებით დაძლია 2014-2016 წლების რეგიონული შოკი.
საქართველოში ინვესტირების წახალისების მიზნით, ჩვენ განვახორციელეთ ამბიციური საგადასახადო რეფორმა, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებას გაუნაწილებელ შემოსავლებზე და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ლიბერალიზაციას. ჩვენი მოლოდინით, წელს მიღწეული იქნება 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო შემდგომ წლებში 7-პროცენტიანი და კიდევ უფრო მეტი ზრდა.
ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარების საქმეში, რაც გულისხმობს ქვეყნის გარდაქმნას ბიზნესის წარმოების რეგიონულ ცენტრად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების სწრაფი მიწოდების უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი და ლოგისტიკა, ასევე - პროდუქციის მისაწოდებლად ბაზარზე. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც სამუშაო ადგილების შექმნისა და მოქალაქეთა სიღარიბიდან ამოყვანის ძლიერ საშუალებას. ჩვენ შევთანხმდით მსოფლიო სავალუტო ფონდთან ერთად მრავალწლიანი პროგრამის განხორციელებაზე და უზრუნველვყავით სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების დაფინანსება.
საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) და მიაღწია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციას. იმავდროულად, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ერთი მხრივ, ჩვენ ვახორციელებთ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და, მეორე მხრივ, ვიზიდავთ აზიის ბაზრებს, რაც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, სრულად გამოიყენოს თავისი თავისუფალი ვაჭრობის ქსელები ჩვენი დროის ამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წამოწყებაში.
ჩვენ წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით.
ამ დიდი წამოწყების ფარგლებში, აზია და ევროპა შეხვდებიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ასევე საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აშენებული ანაკლიის პორტის მეშვეობით. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შეეძლება ყველაზე დიდი ტევადობის გემების მიღება, რაც ბევრად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს. ამ პორტს ააშენებს პროექტის რამდენიმე საერთაშორისო მონაწილე და მისი ოპერატორი იქნება ცნობილი ამერიკული კომპანია.
დღეს მიწისზედა ტრანსპორტით აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებელია 10-ზე ნაკლები დღის განმავლობაში, ხოლო ჩვენგან ევროპის ნებისმიერ პორტში ხუთ დღეში ჩახვალთ. ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას და ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს შესაბამის კავშირებსა და პროცესებს, აგრეთვე განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე. ეს არის ურყევი და არსებითი კავშირი საქართველოს მოქალაქეებისათვის ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და რეგიონში კეთილდღეობისა და მშვიდობის განმტკიცებას შორის“-განაცხადა საქართველოს მეთაურმა.

















