მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და მთავრობის სამოქმედო პროგრამა დღეის ნაცვლად, პარლამენტს ხვალ წარედგინება. ამის შესახებ
დღეს ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხვალ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის ივანე მერაბიშვილის ხელმოწერით პარლამენტში სამთავრობო პროგრამა შევა, ხოლო პრეზიდენტის ხელმოწერით წარდგენილი იქნება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა.
ხვალვე, გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც განსაზღვრავს კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის საკითხს, ასევე, იმსჯელებს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თარიღზე, სადაც მთავრობას და პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ.
ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რის შემდეგაც მთავრობა მუშაობას შეუდგება.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაიდო მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის წარდგენა, რომელიც დღეს იგეგმებოდა, ხუროშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მოლოდინია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრატეგიით აპირებს ახალი პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი მუშაობას, შესაბამისად, ამ პროგრამის გაწერას მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.
სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირის პარასკევამდე გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, დღეს მთავრობის წევრების კანდიდატურებთან დაკავშირებით, დახურული კონსულტაციები გაგრძელდება.

















