კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელის, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის
განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ კამპანია „კარდაკარში“ მონაწილეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.
ამის შესახებ ქუცნაშვილმა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კოალიცია „კარდაკარს“ 65 საარჩევნო ოლქში ატარებს და მასში 8 ათასი ადამიანია ჩართული.
“ჩვენი წარმომადგენლების მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხშირია მუქარა. ამ კუთხით, განსაკუთრებით გამგებლები აქტიურობენ, როგორც ჩანს, მათ დავალებული აქვთ საარჩევნო სიების დაზუსტებას ხელი შეუშალონ“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ისინი აქტივისტებს საარჩევნო სიებს და კითხვარებს ართმევენ და უხევენ.
„მინდა გავაფრთხილო გამგებლები, პოლიციელები და ამ რეგიონებში მოქმედი ზონდერ ჯგუფები, რომ მათი გარჯა უშედეგოა, რადგან აღნიშნულ დოკუმენტებს ჩვენ თავიდან ვბეჭდავთ და ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს“ - აცხადებს იგი.
ამასთან, ქუცნაშვილი „კარდაკარის“ წარმომადგენლებზე ზეწოლაში კახეთში - თელავის, ლაგოდეხისა და გურჯაანის გამგეობის წევრებსა და გამგებლებს ადანაშაულებს, იგივე ვითარებაა ბაღდათში.
ქუცნაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები „კარდაკარის“ პროგრამის განხორციელების პროცესში ასევე კითხულობენ, იყვნენ თუ არა იმ კონკრეტულ ოჯახში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წარმომადგენლები სიის გადასამოწმებლად.

















