საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ტომას გრემინგერისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი თემები საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობა, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი იყო.
შეხვედრისას, პრემიერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პრემიერმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ODIHღ-ის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობისთვის საარჩევნო პროცესის მონიტორინგში, რაც მაქსიმალურად გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
პრემიერმა ტომას გრემინგერს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

















