კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საქართველოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის
გადაყენება, სერიოზულ სახელისუფლებო კრიზისზე მიუთითებს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრემიერისა და მთავრობის გადაყენება ბევრს არაფერს შეცვლის.
„თუმცა, დასკვნების გაკეთება მას შემდეგ შეგვეძლება, რაც გვეცოდინება რომელ სამინისტროში ვინ დაიკავებს კონკრეტულ ადგილს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ყველაზე თვალშისაცემი ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ დასახელებული პრიორიტეტები იყო.
ფანჯიკიძის თქმით, ეს პრიორიტეტები ზუსტად ის საკითხებია, რაზეც „ქართული ოცნება“ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.
„აქ არ შეიძლება არ გაგეღიმოს, რადგან მათ 8 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ თუ რა არის ქვეყნისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი, სანამ „ქართულმა ოცნებამ“ არ უკარნახა, მანამ ვერ მიხვდნენ. ახლა ცდილობენ დაგვეწიონ, მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანებულია“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშნვა იმაზეც მეტყველებს, რომ ხელისუფლებამ პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობა გადაწყვიტა.
კოალიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლებას განსაკუთრებით იმ ფონზე დასჭირდა, როცა საპარლამენტო არჩევნები მოახლოებულია და როცა „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხება ისეთი რეალურია, როგორც არასდროს.

















