ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, გენერალური აუდიტორის სტრუქტურაში ყველა კომპეტენტური პირი დარჩება.
მისივე თქმით, დროთა განმავლობაში შეიძლება საკადრო ცვლილებებიც განახორციელოს.
"გენერალურ აუდიტორს მინიჭებული უფლებამოსილება აქვს მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება, მათ შორის მოადგილეებთან დაკავშირებით. ყველა კომპეტენტური პირი და კვალიფიციური კადრი დარჩება ჩვენთან. თუ აუცილებლობა დადგება, შეიძლება დროთა განმავლობაში საკადრო გადაწყვეტილებები განვახორციელო, რათა ჩვენი სტრუქტურა უფრო ეფექტური, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს. ობიექტურობა, პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობა და საჯაროობა დაცული იქნება. აუდიტის საქმიანობა უფრო პრევენციული ხასიათის იქნება. ეს სადამსჯელო სტრუქტურა არ უნდა იყოს, თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან გვაქვს საქმე, მყისიერი რეაგირება გვექნება"-განაცხადა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტირის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას საფინანსო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მექვაბიშვილი ახლა უკვე საბოლოო კენჭისყრისთვის ემზადება, რომელიც მომავალ კვირას, სესიაზე გაიმართება.

















