ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, ევროგაერთიანების უმაღლესი განათლების რეფორმის
ხელშეწყობისა და თანამშრომლობის ტემპუსის (TEMPUS) პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინტერნაციონალიზაცია ცენტრალურ აზიასა და ევროპის სამეზობლო სივრცეში“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართება.
პროექტში სევილიის, ჰერიოტ უოტსის, ინჰოლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტები, შარლემანის უმაღლესი სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიებას ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ინჰოლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, შარლემანის უმაღლესი სკოლის, ტაჯიკეთის სახელმწიფო კომერციის უნივერსიტეტის, ტაჯიკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელარუსიის სახელმწიფო ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტის და ბელარუსიის მომხმარებელთა კოოპერატივების ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტის, თსუ-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.

















