პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში შეკრებილ მხარდამჭერებს დღეს კოალიციის სოციალური პროგრამები გააცნო.
როგორც მან აღნიშნა, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი გახდება.
„დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული პირობებიც არ არსებობს, ისინი სახელმწიფოსგან მიტოვებული არიან. საქართველოში წამლის ფასი ევროპულს უტოლდება და ხშირად აღემატება კიდეც მას, თუმცა, წამლების უმეტესობა სრულიად უხარისხოა და განკურნებისთვის გამოუსადეგარი“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სახელმწიფო ვალდებულებას აიღებს და საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე იზრუნებს.
ივანიშვილის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე შემუშავებული აქვს ჯანდაცვის კანონპროექტი, რომელშიც ზედმიწევნითაა განსაზღვრული და ასახული ყველაფერი, რასაც კოალიცია წინასაარჩევნოდ მოსახლეობას პირდება, ეს ყველაფერი კი, დეტალურად დაანგარიშებული, გათვლილი და გააზრებულია.
„ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს, პენსია საარსებო მინიმუმის არანაკლები იქნება. თავად საარსებო მინიმუმის ოდენობაც გადაიხედება, შეიცვლება და რეალურ ციფრს მიუახლოვდება“- განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის განმარტებით, ეს მაშინ მოხდება, როდესაც ბლოკი „ივანიშვილი-ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში მოვა.

















