საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვაშინგტონში გამართულ
შეხვედრაზე იმ რეგიონალურ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს.
მისივე თქმით, აშშ-ს მხარემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს.
"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე, საუბარი იყო იმ რეგიონალურ გამოწვევებზეც, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე არსებობს. ჩვენ მათ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ცეცლის შეწყვეტის ვალდებულებაც.
გამოითქვა შეშფოთება მიმდინარე ბორდერიზაციასთან პროცესთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებით, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა და დაიხურა ე. წ. გამშვები პუნქტები"-აღნიშნა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში საქართველო - ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

















