პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პროკურატურის, სასამართლოსა და პოლიციის პოლიტიკური
დაკვეთებისგან გათავისუფლების პირობას დებს.
როგორც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობა იმედით უყურებდა პოლიციის რეფორმას და საზოგადოების თვალში პოლიციაში მუშაობა პრესტიჟული და საამაყო გახდა.
„ხომ უნდა მოეხერხებინა ხელისუფლებას, რომ ეს შემართება, ეს იმედი და ამხელა ნდობა გაეცამტვერებინა. დღეს ჩვენ მივიღეთ სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების ერთი მცირე ჯგუფის ძალადობას განიცდის და მათი უკანონო ბრძანების შემსრულებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი გავხდით იმის მოწმე, რომ ეს სტრუქტურა არაერთხელ განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა საკუთარ თანამოქალაქეებს“- აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ პოლიციელების აბსოლუტური უმრავლესობა ღირსეული ადამიანია და ისინი საკუთარ სამშობლოსა და ხალხს ემსახურებიან.
„ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასაიმედოობის გამო პოლიციის 200-მდე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. მე ვპირდები ჩვენს პოლიციელებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს - ჩვენი გამარჯვების შემდეგ ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურს“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს პროკურატურაც და სასამართლოც ხელისუფლების რეპრესიული მანქანის ნაწილია - პროკურატურა მმართველი ჯგუფის დაკვეთის შემსრულებელია, ხოლო სასამართლო პროკურატურის დანამატადაა ქცეული.
ივანიშვილმა ხალხს პირობა მისცა, რომ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებისგან პროკურატურაც და სასამართლოც გათავისუფლდება და ამით ქვეყანაში სამართლიანობა დამკვიდრდება.

















