საქართველო ევროპის სახელმწიფოებთან ერთად კანადის დედაქალაქ ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა
ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფლების მემორიალის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ შეთანხმებას კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ და მემორიალის პროექტის ავტორმა, კანადელი პოლონელების კონგრესის ხელმძღვანელმა, ორგანიზაციის “Tribute to Liberty” თავმჯდომარემ, დედოფლის საიუბილეო მედლის კავალერმა, ლუდვიკ კლიმკოვსკიმ მიაღწიეს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მემორიალის თანადაფინასების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამის ფონდში ჩასარიცხად თანხა უკვე გამოყო (25 000 კანადური დოლარის ექვივალენტი აშშ დოლარი).
ამით საქართველო მიუერთდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ მემორიალის მშენებლობის თანადაფინანსების სურვილი გამოთქვეს და „Tribute to Liberty”-ის სპეციალურ ფონდში თანხები გადარიცხეს. მათ შორის არის უნგრეთი პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა და სხვა.
კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის პროექტზე მუშაობა ლუდვიკ კლიმკოვსკიმ კანადის მემკვიდრეობის დეპარტამენტთან ერთად დაიწყო.
პროექტი მთავრობამ დაამტკიცა და მისი ღირებულება 3.5 მილიონი კანადური დოლარით განისაზღვრა.
მემორიალის აგება იგეგმება ოტავას ცენტრალურ უბანში, პარლამენტის შენობასთან ახლოს, კანადის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და არქივის შენობის წინ.
21 მეტრის სიგრძის მემორიალზე გამოსახული იქნება 1917 წლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მოვლენები, მათიგასაბჭოება, რეპრესიები, თავისუფლებისთვის ბრძოლა.
პროექტში ჩართვის შედეგად, მასზე ასევე დაიტანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღები, მაგალითად: 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების ჩახშობა, 1978 წელს ქართული ენის დასაცავად დაწყებული მასობრივი გამოსვლები, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა, 2008 წლის რუსული აგრესია და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.
მემორიალში ჩამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჩაიტვირთება დამთვალიერებლების მობილურ ტელეფონებშიც.
მემორიალის საძირკვლის ჩაყრა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება. მშენებლობა სავარაუდოდ 2018 წელს დასრულდება.
"იმ პირობებში, როდესაც კანადის ფართო საზოგადოება საქართველოს ნაკლებად იცნობს, ამგვარ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვნად აამაღლებსსაქართველოს შესახებ ცნობადობას. ის ფაქტი რომ საქართველო კანადის დედაქალაქის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის დონორი გახდა, აამაღლებსსაქართველოს პრესტიჟს ოტავას მაცხოვრებლებს შორის.
ხოლო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად პროექტში საქართველოს ჩართვა პოზიტიური პოლიტიკური გზავნილია. ეს კანადელებს აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, ამ ქვეყნებთან მას მსგავსი გეოგრაფიული არეალი და ისტორია აერთიანებს"- აცხადებს კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე.
კოუნიზმის მსხვრპლთა მემორიალის აგების იდეა კანადის მოსახლეობის ოსტორიულ ფესვებს უკავშირდება. კანადის დაახლოებით 8 მილიონამდე მოქალაქე თვლის რომ თავად, ან მისი წინაპრები საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლნი ან მათი შთამომავლები არიან.
აღსანიშნავია, რომ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი კოტე აფხაზის შვილი ნიკოლოზ აფხაზიც, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და საბოლოოდ თავი სწორედ კანადას შეაფარა.

















