კოლიაცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე
დღიდან საჯარო სამსახურს პოლიტიკური წნეხისგან გაათავისუფლებს.
მისი თქმით, საჯარო მოსამსახურეებს მძიმე პოლიტიკური წნეხის ქვეშ უწევთ მათ მუშაობა და ხელისუფლება მათ მხოლოდ პირადი ერთგულების ნიშნით აფასებს და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს.
„სულ ახლახანს, ხელისუფლების ერთმა აქტიურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თურმე საჯარო სამსახურში დასაქმებულს არ შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი. ეს განცხადება დემოკრატიულ ღირებულებებთან ისე შეუთავსებელია, რომ ხელისუფლებას მოუწია ამ ფრაზის უარყოფა და თავად ამ სიტყვების ავტორს დემოკრატიული ღირებულებების არცოდნაშიც კი დასდო ბრალი“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ დაუშვებელია საჯარო მოსამსახურის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა, ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს.
ივანიშვილის განმარტებით, კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება აღარ იქნება ვინმეს ნება-სურვილზე დამოკიდებული და მათ მხოლოდ პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება მოეთხოვებათ.
„ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ შეწყდება პოლიტიკური ანგარიშსწორება, არ დაიწყება წინა ხელისუფლების მომხრეების და სახელისუფლებო სტრუქტურებში ნამსახურები ადამიანების დევნა. მე პირდაპირ და გადაჭრით ვიტყვი - ჩვენ ამას არ დავუშვებთ“- აღნიშნა ივანიშვილმა.

















