სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა
მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ-სომხური თანამშრომლობის შესახებ და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში მაღალ დონეზე მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი ვიზიტების ინტენსიურობა წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას არსებული ურთიერთობის განხილვისა და მისი შემდგომი გაღრმავებისათვის.
მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში გამოჩენილი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
დამატებით, სერჟ სარგსიანმა და მიხეილ ჯანელიძემ განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ქართულ-სომხური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რეგიონისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები.

















